ბოდიში თუ იქნა მოსახდელი, თუ მოგვიწია ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა, კიდევ ერთხელ მოვიხდით, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, დეპუტატ გიორგი ლომიას შეკითხვას.
მისი თქმით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიება იყო ეფექტური და წარმატებული, რომლის დროსაც რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მისივე თქმით, დაკავებული ნარკორეალიზატორების გარკვეული ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და საკმაოდ საინტერესო ჩვენებებს იძლევა.
"მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს არ მოვიხდი. სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში ჩვენ მოგვიწია მშვიდობიანი ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში, იქვე აღვნიშნე ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად ვერ შეზღუდავს. ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის. ბოდიში თუ იქნა მოსახდელი, თუ მოგვიწია ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა, კიდევ ერთხელ მოვიხდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.