ყველას კარგად გვახსოვს, რა ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით და მართლაც ვფიქრობ, ამ სისტემაში განხორციელებული რეფორმა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრაზე, სამინისტროების გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა 2012 წელს დაწყებული რეფორმები ღირსეულად გააგრძელა და დღეს არსებობს სისტემა, რომელიც თვისობრივად, ხარისხობრივად განსხვავებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებულია.
„დღეს რომ იყოს 2014 ან 2015 წელი, დაგეთანხმებოდით არგუმენტაციაში, რომ ამ სამინისტროების გაერთიანება აზრს მოკლებული იქნებოდა, მაგრამ რეფორმების ძირითადი ნაწილი ამ სისტემაში გატარებულია. ძალიან იშვიათად ნახავთ მსოფლიოს წარმატებულ გამოცდილებას, რომ ეს სისტემა იყოს ცალკე სამინისტროს სახით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ სისტემაში გატარდა მნიშვნელოვანი, ძირეული, წარმატებული რეფორმები, რაც „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი დამსახურებაა.
მისივე თქმით, „დროა, ვიხელმძღვანელოთ კარგი ევროპული პრაქტიკით”.