ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეში ბრალდებული ზურაბ მიქაძე აცხადებს, რომ ექსპერტმა ყალბი დასკვნა დადო, რის გამოც, მან პასუხი უნდა აგოს. მიქაძის თქმით, ექსპერტ ასმათ მარუშევსკაიას მიერ პროცესზე მიცემული ჩვენებით არ დგინდება, რომ საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ვიდეო-მასალა მონტაჟის ნიშნებს შეიცავს.
"ჩვენ რასაც ვუსმენთ, დასკვნა არის ცალკე დოკუმენტი აღებული და ჩვენება, რომელსაც ექსპერტი იძლევა, აბსოლუტურად განსხვავდება დასკვნისგან. თავად ბრალდების წარმომადგენლები, სამი ბრალმდებელი, რომელიც პროცესზე ზის, უხერხულ სიტუაციაში ვარდება ექსპერტის მიერ გაცემული პასუხების გამო და იძულებულები არიან თვითონვე შეიტანონ პასუხში ცვლილებები და ამგვარად ნათელი მოფინონ იმას, თუ რა თქვა ექსპერტმა. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი იყო იმ მოტივით, რომ წინა დასკვნის ბუნდოვანებაში სინათლე უნდა შეეტანა და აღმოვჩნდით, საერთოდ უკიდურეს სიბნელეში. ექსპერტი არის ყალბი და მან პასუხი უნდა აგოს თავისი ყალბი ექსპერტიზის გამო",- განაცხადა ზურაბ მიქაძემ.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული არიან: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული. ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.