ერთ ფაქტთან დაკავშირებით, ანას და ლადოს შელაპარაკება მოუვიდათ და ლადოს მხრიდან იყო მუქარაც, - განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ, მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარმა, დარეჯან თათარაშვილმა.
როგორც ის აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა სწორედ ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა.
ის ბრალდებულს დადებითად არ ახასიათებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელი ეს ადამიანია. მის კითხვაზე, ვიცი თუ არა, მოტივი მკვლელობის, თქვენც გიპასუხებთ, რომ მოტივის შესახებ ასე ოფიციალურად ვერ ვისაუბრებ.
ბრალდებული ჩემთვის ყოველთვის არასანდო და მიუღებელი პიროვნება იყო მისი პიროვნული თვისებებიდან და ანასთან ურთიერთობიდან გამომდინარე.
მოგეხსენებათ, ანა და ლადო რამდენიმე წლის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ, ბუნებრივია, ისინი ღამე მესიჯობდნენ, ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ანას ჩაძინებია და ლადოს ეჭვი არ შეპარვია, დილით ასე პანიკები არ აუტეხავს, სახლში არ ასულა, მეგობრებისთვის არ დაურეკავს მომაძებნინეთო, ასეთი შეშინებული არასდროს ყოფილა", - განაცხადა თათარაშვილმა.