სექტემბერში საქართველოს ისრაელის ტურიზმის მინისტრი ეწვევა, რომელიც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსა და ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნობა.
ისრაელის ტურიზმის მინისტრი საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის მოწვევით ჩამოდის.
რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში უკვე იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ებრაელ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრებთან. გარდა ამისა, შეხვდა ადგილობრივი საგზაო და წყლის კომპანიების ხელმძღვანელებს. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაცია იერუსალიმის პარტიარქს ეწვია. პატრიარქმა დალოცა სტუმრები და ქართველ ერს სულიერი სიძლიერისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავიგდორ ლიბერმანთან შეხვედრისას კი პრიორიტეტული თემა ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და ინდუსტრიული ურთიერთობების გაღრმავება გახლდათ. ნიკოლაიშვილმა და ლიბერმანმა განიხილეს ისრაელს და საქართველოს შორის საჰაერო რეისების რაოდენობის გაზრდისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებიც.
-"კავკსასიის რეგიონში დღეს საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რაც ჩვენ კარგად გვესმის. ეს ძალინ მგრძნობიარე საკითხებია და სწორედ ამიტომ მას არ შევეხეთ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი თემა იყო თანამშრომლობა ინფრასტრუქტურულ, ინდუსტრიულ და ეკონომიკურ პროექტებში"- განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.