ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა" მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას, შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა, ბიზნესმენების დევნა და უკანონო დაპატიმრებები, გარემოვაჭრეების შევიწროება; გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობაში მყოფი ანზორ ქოქოლაძე და გელა ბარკალაია, შეწყდეს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დევნა, ხოლო თვითდასაქმებული წვრილი მოვაჭრეები დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, სადაც მერია ვალდებულია მათ შეუქმნას ელემენტარული პირობები.
"ცალკეულ მეწარმეს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს ცალკეული შეცდომები, რომელთა გამოძიება აუცილებელია, მაგრამ გამოიკვეთა არასახარბიელო ტენდენცია - ხელისუფლებისთვის მიუღებელ ან გარკვეული დროიდან მიუღებელ ბიზნესმენებს დამსჯელ რაზმებს მიუგზავნიან ხოლმე, რომლებიც უეჭველად პოულობენ გადაცდომებს, რომც არ იყოს ისინი, რადგან ასეთი დავალება არსებობს, ხოლო ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ბიზნესმენები ხელშეუხებელნი არიან, ახალ-ახალი შემოსავლიანი სფეროების ხელში ჩაგდებასაც ახერხებენ და ფარული მონოპოლისტები ხდებიან. ხელი ეწყობათ მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს, კერძოდ, მათ იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი ვიწრო წრის რომელიმე წარმომადგენელს შემოჰყავს და მასთან არის ფარულ ალიანსში", _ აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, ასეთი პრაქტიკით საქართველოში "ვერც სინგაპურის დარად აყვავდება ეკონომიკა და ვერც დანია-ჰოლანდია-ბელგიის".