ხვალ, 20 აგვისტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ახალდაგამოვლენილ უძველს გამოსახულებას და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს თავად შეაფასებს.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში წმ. იოსებ ალავერდელის საფლავის თავზე არსებული მხატვრობის მოხსნის შედეგად, ფრესკის უძველესი ფენა გამოვლინდა. წინასწარი ვარაუდით მხატვრობა მთავარი ტაძრის თანადროულია.
ახლადგამოვლენილ უძველეს და დაზიანებულ კედელზე მხატვრობა რთულად იკითხება, თუმცა გამოსახულების ქვედა ნაწილი, მისი ჩაცმულობის კონტურები და ხმლის მოხატული წვერი სპეცაილისტებს ქტიტორის გამოსახულებაზე მიანიშნებს. სავარაუდოდ გამოსახულება ალავერდის მაშენებელ კვირიკე I-ს უნდა ეკუთვნოდეს. ამავდროულად არ არის გამორიცხული, რომ ალავერდის მთავარი ტაძრის ქტიტორი გაერთიანებული საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლი აღმოჩნდეს.
წმ. იოსებ ალავერდელის საფლავის თავზე არსებული კედლის უძველესი ფენა საკმაოდ დაზიანებულია. მიმდინარე დაგეგმილი სამუშაოების პარალელურად უახლოეს მომავალში კედლის გადადუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მეცნიერები ახლადგამოვლენილი მხატვრობის შესწავლას შეუდგებიან.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. სამუშაობი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ალავერდის სამონასტრო კომპლექსში წლის ბოლომდე, ზამთრის დადგომამდე გაგრძელდება.