უკვე მეორედ ოზურგეთის თეატრი ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს. ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს როგორც ქართული პროფსიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება, 5 ივლისს გაიხსნება ოზურგეთში ოზურგეთის თეატრის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლით ,,მონატრება“ და 14 ივლისის ჩათვლით გასტანს. წარმოდგენები ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება, ვინაიდან ოზურგეთის თეატრში ფონდი „ქართუ“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ფესტივალში წელს 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჰელადოსს“ წარმოადგენს, ხოლო მოსკოვის თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭე“ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. პერმის თეატრი “U Mოსტა”-ც სპექტაკლით „ზურიკელა“ წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
ფესტივალს ოზურგეთის თეატრი გახსნის სპექტაკლი „მონატრება“, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე დგამს საგანგებოდ ფესტივალისთვის. დადგმა ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოებს და ოზურგეთის თეატრის მთელ დასს აერთიანებს. ფესტივალში მონაწილეობს თბილისის თუმანიშვილის კინომსახიობთა, თბილსიის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ახალციხის, ჭიათურის, რუსთავის, თელავის, ცხინვალის ქართული პროფესიული თეატრები. გვეწვევიან დელეგაციები – ბელორუსიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთის გაბროვოს საერთაშორისო ფესტივალიდან, გაფორმედება მემეორანდუმი გაბროვოს ფესტივალსა და დუმბაძის ფესტივალს შორის. ფესტივალს დახურავს ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე სპექტაკლით „მზიანი გული“.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის ორ წელიწადში ერთხელ იმართება.