ყვარლის რაიონის სოფელ თხილისწყაროს მოსახლეობა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის საფუძველზეც სოფელში არასრული სკოლა გაუქმდა. ახალი სასწავლო წლიდან ბავშვებმა სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ახალსოფლის საჯარო სკოლაში უნდა იარონ, რომელიც თხილისწყაროდან 8 კილომეტრით არის დაშორებული.
როგორც თხილისწყაროს მცხოვრებმა ია კოჭლამაზაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, სკოლის გაუქმების შემდეგ რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. „მე წასასვლელი არსად მაქვს. 4 შვილი მყავს. ერთი ბავშვი მეორე კლასის მოსწავლეა. 8 კილომეტრით დაშორებულ სოფელში ვერ ივლის, მითუფრო რომ ზამთარში რთული კლიმატური პირობებია ხოლმე და გზაზე ბევრი ნადირია. ავტობუსიც რომ დანიშნონ, უფროსკლასელებს სწავლა გვიან უმთავრდებათ და მეზობელი სოფლის ბავშვებს მაინც ფეხით უწევდათ სიარული. იძულებული ვარ ბავშვები ინტერნატში ჩავაბარო", - ამბობს ია კოჭლამაზაშვილი.
თხილისწყაროს ყოფილი სკოლის პედაგოგის ეკა ბაშარულის თქმით, განათლების სამინისტრომ სკოლა მოსწავლეთა მცირე კონტიგენტის მიზეზით გააუქმა. „განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გვითხრეს, 20 მოსწავლეს ცალკე სკოლა არ სჭირდებაო", - აღნიშნეს სკოლის ყოფილმა მასწავლებლებმა.
2010 წლის 30 მაისის მდგომარეობით თხილისწყაროში 57 ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად სოფელში 47 ოჯახიღა ცხოვრობს.