წარმომადგენლობითი სახალხო კრება თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს ლუკა-ელდარ კურტანიძის უფლებების დარღვევის გამო განცხადებას ავრცელებს.
წარმომადგენლობითი სახალხო კრება აღნიშნავს, რომ 26-30 აგვისტოს, მონტენეგროში საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს ლუკა-ელდარ კურტანიძეს.
"ლუკა კურტანიძეს, ყველანაირ დაბრკოლებას შეუქმნეს და საშუალებას არ მისცეს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ჩემპიონატში, რაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.
ცნობილია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, კერძოდ კი, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ლუკა კურტანიძის მიმართ აქამდეც ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა. წლების განმავლობაში, მისი არაერთი თხოვნისა და დიდი სურვილის მიუხედავად, მას საშუალება არ მიეცა ანაზღაურების გარეშეც კი, ემუშავა როგორც მწვრთნელს და საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის ჯანსაღი და პროფესიონალი მომავალი თაობები გაეზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ `წარმომადენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფმა 5 აგვისტოს მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციას, არ დაეშვათ ცნობილი სპორტსმენის უსამართლო დისკრიმინაცია და "გავაფრთხილეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავდით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას `ფილას" და მის პრეზიდენტს, რათა საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რომ საქართველოში სპორტიც კი პოლიტიზირებულია და განსხავებული აზრის გამო ცნობილი სპორტსმენი ხელისუფლების მხრიდან იდევნება, ერთი მხრივ, როგორც მოქალაქე და, მეორე მხრივ, როგორც პროფესიონალი".
"მსგავსი მეთოდები, მით უფრო სპორტში, სამარცხვინოა და მას მხოლოდ ფაშისტური და დიქტატორული რეჟიმის ლიდერები მიმართავდნენ. როცა ევროპის ხუთგზის და მსოფლიო ორგზის ჩემპიონს, ორგზის ოლიმპიურ პრიზიორს, ლუკა კურტანიძეს ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით ებრძვის, ადვილი წარმოსადგენია, რა ზეწოლა ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის უცნობ, ან ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ `წარმომადგენლობით სახალხო კრებას" არ გვინდოდა მსოფლიო სპორტული საზოგადოების სააშკარაოზე გამოგვეტანა ცნობილი სპორტსმენის პოლიტიკური დევნის სამარცხვინო ფაქტი და იმედს ვიტოვებდით, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ლუკა კურტანიძეს შესაძლებლობას მისცემდა მსოფლიო საპლაჟო ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღო. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამჯერადაც ჩვეული ცინიზმით, რაც განსაკუთრებით მწვავე გახდა სოფელ ხურვალეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უპასუხა საზოგადოების მოთხოვნას და ლუკა კურტანიძეს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე კატეგორიული უარი განუცხადა".
`წარმომადგენლობითი სახალხო კრება" აღნიშნავს, რომ მიერ `ფილას" პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში დაფიქსირებული იქნება ცნობილი სპორტსმენის პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტი. ქართული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.