19 აგვისტოს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, 1981-1994 წლებში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას 51 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრები 14:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, გია ჭანტურიას საფლავთან შეიკრიბებიან, სადაც გია ჭანტურიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.
გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს თავისი სახლის სადარბაზოსთან მანქანაში ჩაცხრილეს.
გიორგი ჭანტურია 1959 წლის 19 აგვისტოს დაიბადა, დისიდენტური მოძრაობის პერიოდში მან 1981 წელს იატაკქვეშეთში აღადგინა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია". დისიდენტური საქმიანობისათვის პირველად 1979 წელს დააპატიმრეს. 1981 წელს იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა. 1983 წელს კვლავ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისათვის. გათავისუფლების შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჩამოყალიბებაში, თუმცა თავისი უკომპრომისო შეხედულებების გამო 1988 წელს გამოეთიშა ამ ორგანიზაციას. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო.
1994 წლის 3 დეკემბერს, ჭანტურია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.