ნადირობის სეზონი 21 აგვისტოს დაიწყება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033. (განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის - ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, რაიონი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა.
მონადირეებისთვის ერთი ნადირობისას (1 დღე) დადგენილია შესაბამისი კვოტები: მწყერი - 20 ცალი, გარეული მტრედი - 10 ცალი, ჩიბუხა - 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი - 10 ცალი, ქედანი - 10 ცალი, გვიძინი (გულიო) - 10 ცალი (ნადირობის ვადა 21 აგვისტოდან 15 თებერვლამდე); ტყის ქათამი - 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე); წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) - საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).
ნადირობა აკრძალულია: დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში. საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.