დღეს, 18 აგვისტოს, ფერისცვალების წინა დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვას აღავლენს.
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6 (19) აგვისტოს) 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: "და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი". ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაუგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: "მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა". ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ". შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: "აღდეგით და ნუ გეშინინ". როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღვთაებრივი ნათლით.