გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდრის მაცხოვრებლები ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას" თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ და ენერგოომბუდსმენისგან დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ენერგოკომპანიამ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა 15-15 ლარი დამატებით დაარიცხა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადრეც დაგვარიცხეს. შევეცადეთ, რომ მიზეზი გაგვერკვია, მაგრამ ვერ გავარკვიეთ. თუ არ გადაიხდით, ელექტროენერგიას ჩაგიჭრითო. იძულებულები გავხდით და გადავიხადეთ. უშუქოდ ხომ არ დავრჩებოდით. ეხლა მეორედ დაგვარიცხეს. ენერგოკომპანიის გურჯაანის სერვის - ცენტრში გვითხრეს, საუბნო მრიცხველი ურევსო. რა ჩვენი ბრალია თუ მაგათი მრიცხველი გამართულად არ მუშაობს. ისევ გაგვაფრთხილეს, თუ ამ თანხას არ გადაიხდით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩებითო. ფულს გვძალავენ რა, არ დაემორჩილები მათ უკანონო მოთხოვნას და უშუქოდ გტოვებენ", - აღნიშნეს სოფელ ჭანდრის მაცხოვრებლებმა.
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვის ცენტრში კომენტარს არ აკეთებენ.