ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი რეგულარული ავიარეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 12 ივნისს Myway Airlines-ი პირველ რეგულარულ რეისს თბილისი-ხარკოვის მიმართულებით განახორციელებს. თბილისი-ხარკოვი-თბილისისის მიმართულებაზე Myway Airlines-ი კვირაში ორი სიხშირით იფრენს. ფრენები, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
ხარკოვის მიმართულებით Myway Airlines-ი რეგულარულ რეისებს განახორციელებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენები 13 ივნისიდან დაიწყება. აღნიშნულ მარშრუტზე Myway Airlines-ი კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათობით განახორციელებს ოპერირებას.
აღსანიშნავია, რომ Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) მიმდინარე წლის იანვარში მიენიჭა. გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვალში აიღო.
ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული და მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. წლის ბოლომდე კომპანის 250 თანამშრომელი ეყოლება.
Myway Airlines-ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ნაწილიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.