კინოსა და თეატრის უდიდესი მსახიობი კახი კავსაძე სპექტაკლში „პატარა უფლისწული“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის საპრემიერო ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში 9, 10, 16 და 23 ივნისს გაიმართება.
სპექტაკლში კახი კავსაძე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ზღაპრის მთხრობელის როლში მოგვევლინება. ის გამოჩნდება რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში.
სპექტაკლის რეჟისორია კახი კავსაძის შვილი - ირაკლი კავსაძე, რომელმაც თავის მხრივ ეს დადგმა დედას - მსახიობ, ბელა მირიანაშვილს მიუძღვნა, რომელსაც ამ წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.
სპექტაკლის პირველი ნაწილი შედგება მთლიანად ირაკლი კავსაძის მიერ შემდგარი ტექსტისგან, სადაც ის ეგზიუპერის ცხოვრების მთავარ მომენტებზე მოგვითხრობს. ხოლო მეორე ნაწილში მაყურებელი უკვე იხილავს ყველასათვის ცნობილი პატარა უფლისწულის ისტორიას.
სპექტაკლს მხატვრულად აფორმებს მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი. ხოლო, მუსიკა კომპოზიტორ კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.