ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, მაქსიმუმ ორი თვის ვადაში გვეყოლება მთავარი პროკურორი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცედურა არის ხანგრძლივი და კომპლექსური, ის ყველას მონაწილეობას მოითხოვს ამ პროცესში.
„ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორს და რაც მთავარია, სამართლის დარგის სპეციალისტებს მოვუწოდებ, რომ მათთვის სასურველი კანდიდატებს, ვინც აკმაყოფილებს პროკურატურის კანონით გაწერილ მკაცრ კრიტერიუმებს გაუწიონ რეკომენდაცია, რათა გვქონდეს მაქსიმალური არჩევანი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
უკვე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით არ შეიძლება ვინმე მისაღები ან მიუღებელი იყოს.
„დასახელებული კანდიდატებიდან დღეს არ შეიძლება ვინმე იყოს მისაღები ან მიუღებელი. ერთ თვიანი პროცედურა არის ჩართული, კანდიდატების წარდგენას აქვს თავისი წესი და ფორმა და ის ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. განსაკუთრებით იმ კრიტერიუმს, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის დარგში გამოცდილების ქონას“, – აღნიშნა წულუკიანმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ თუ არასამთავრობოები პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ, ეს მათი არჩევანია.