30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე 30 მაისს, 20:00 საათზე, (აღმაშენებლის გამზ. 40) ნაჩვენები იქნება პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები“, რომელიც 1935 წელსაა გადაღებული. ქართული და უცხოელი მაყურებლისთვის ამ ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ მხარდაჭერით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 3 ივნისს, 20:00 საათზე, განახლებული თეატრში „სპარტაკი“ (რუსთაველის გამზ. 19).
სელექციის შედეგად, საკონკურსო პროგრამაში 11 ქვეყნის 25 ფილმი მონაწილეობს. მაყურებელი იხილავს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ისრაელის, რუმინეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, აშშ-ს, შვეიცარიის და საქართველოს კინოსკოლების საუკეთესო ნამუშევრებს. მასტერკლასებზე, კინოჩვენებებსა და საფესტივალო ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალს 20-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი და კინოხელოვანი ეწვევა, რომელთა შორისაა ჟიურის წევრები: ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია) და ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი). უცხოელ კოლეგებთან ერთად, საფესტივალო ფილმებს შეაფასებენ ჟიურის ქართველი წევრები, ნატა მურვანიძე და ზაზა ხალვაში.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, კინოჩვენებები, სარაევოს კინოაკადემიის პრეზენტაცია / ჩვენება და სხვა სტუდენტური ღონისძიებები. ხოლო დაჯილდოების ცერემონიაზე, 3 ივნისს, გამოვლინდება გამარჯვებული 4 ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაცური ფილმი. ჟიური გადასცემს 2018 წლის გრან-პრის. ასევე, გაიცემა სპეციალურ სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელიც ისწავლება კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა, მონტაჟი, ოპერატორის ნამუშევარი.
ფესტივალის პარტნიორები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, Check in Georgia, საქართველოს ეროვნული არქივი, „კინოსტუდია ქართული ფილმი“, რესტორანი „შავი ლომი“, „სოფია მელნიკოვას ფანტასტიკური დუქანი“, ARTAREA, რადიო „ფორტუნა“ და ტელეკომპანია MUSIC BOX.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი 2018“
პროგრამა
30 მაისი
20:00 ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია - აღმაშენებლის გამზ. 40
31 მაისი
11:30 მასტერკლასი - ორით აზულაი / Storytelling by Casting - აღმაშენებლის გამზ. 40
15:00 საკონკურსო კინოჩვენება #1
მხატვრული ფილმების სექცია / 100 წუთი
რუსთაველის გამზ. 19
19:00 პრეზენტაცია
- კინოჩვენება / სერიალი TAFU / საპილოტე სერია/
- კინოჩვენება / „ბათუმის ერთი დღე“ / კო-პროდუქცია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტთან
- “თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
რუსთაველის გამზ. 19
1 ივნისი
11:30 მასტერკლასი - ნატო მურვანიძე / მსახიობი სცენაზე და კინოში
აღმაშენებლის გამზ. 40
15:00 საკონკურსო კინოჩვენება #2
მხატვრული/დოკუმენტური ფილმების სექცია / 105 წუთი
რუსთაველის გამზ. 19
19:00 სარაევოს კინოაკადემიის პრეზენტაცია / ჩვენება
რუსთაველის გამზ. 19
2 ივნისი
15:00 საკონკურსო კინოჩვენება #3
დოკუმენტური / ანიმაციური ფილმების სექცია / 138 წუთი
რუსთაველის გამზ. 19
3 ივნისი
20:00 ფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია
რუსთაველის გამზ. 19