13 აგვისტოს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისის ოფისში, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.
დოკუმენტი - "2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის - ქ. თბილისის მერის და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის მონიტორინგი" _ მომზადებულია პროექტის - "ადგილობრივი სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა სამეგრელო-ზემოსვანეთისა და კახეთის რეგიონში" ფარგლებში.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევათა სახეებზე, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე, როგორიცაა:
წინასაარჩევნოდ: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; იძულების ფაქტები ამომრჩევლებზე; ბიზნესმენთათვის ფულის გამოძალვის ფაქტები; ზეწოლა ჟურნალისტებზე; ზეწოლა პოლიტიკური პარტიების წევრებზე; საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განადგურება; კენჭისყრის გაყალბების მეთოდები და სხვა.
არჩევნების დღეს: საუბნო-საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ინვენტარის უხარისხო და არასაკმარისი რაოდენობა; საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით მოწყობილი საარჩევნო უბნები; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა არასწორი და დაუდევარი განხორციელება; საარჩევნო უბნის გახსნიდან, კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურათა დარღვევები; კენჭისყრის პროცედურული დარღვევები; ამომრჩეველთა სიებით კენჭისყრის გაყალბება; ხარვეზები საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელ პროცედურათა, ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით; კენჭისყრის დღეს გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის დარღვევები;
ანგარიშს თან ერთვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ვიდეოპორტალ ჰრიდც.ტვ-ს მიერ მომზადებული ფილმი, რომელშიც ვიდეოკამერებით დაფიქსირებული საარჩევნო დარღვევებია თავმოყრილი. ეს ფილმი ნაჩვენები იქნება ანგარიშის პრეზენტაციაზე.