„მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენმა მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს, რასაც ადგილი ჰქონდა პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შემთხვევაში,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა, სტრასბურგში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება. გიორგი კანდელაკის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„შინაარსობრივი სამუშაო დიდი ხნის გაწეულია. ამ სარჩელთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების შემდეგ, მის აღსრულებაზე ჩვენმა მთავრობამ ყურადღება არ მოადუნოს, რასაც ადგილი ჰქონდა პირველი სახელმწიფოთაშორის სარჩელის შემთხვევაში, რომელიც 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ათასობით გამოძევებული ქართველის უფლებას ეხებოდა,“ - აცხადებს კანდელაკი.
საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს ედავება. საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.