„ის ინფორმაცია, რომელიც უშუალო საუბრის შედეგად მივიღეთ, ნამდვილად და გადაჭარბების გარეშე არის შემაშფოთებელი. ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს, დღეს ღიად და გულისტკივილით ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ, რადგან უბრალოდ ვერ გატეხეს, არ გატყდა, პროკურატურამ ვერ დაიმორჩილა ეს ადამიანი, - განაცხადა ჟურნალისტებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ის სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა. როგორც მელია აღნიშნავს, სარალიძეს ახლა საზოგადოების გვერდში დგომა ესჭიროება.
„მან საკუთარი ბავშვის მკვლელები იცის და ამ მკვლელებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო არ სჯიან, რომ ერთ-ერთი მათგანი, ყოფილი მაღალჩინოსნის, ბატონი, მირზა სუბელიანის შვილია. დიახაც, ადამიანს გვერდში დგომა, დახმარება სჭირდება და არა მხოლოდ, პოლიტიკოსების, სამოქალაქო ერთობაა საჭირო.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ძალიან კარგადაც ხვდება, რომ სისულელეს აკეთებს. მკვლელები არ დასაჯა და ახლა მტკიცებულებებს აყალბებს. რატომ? არ სჯერა, რომ სისულელეს აკეთებს? სჯერა, უბრალოდ, სასწორის მეორე მხარეს, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს. იმ შემთხვევაში, თუკი, მირზა სუბელიანი დაისჯება, სასწორის მეორე მხარეს დევს საკითხი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონო გაყვანას უკავშირდება. იცით, რომ სუბელიანი გენინსპექციის უფროსი იყო და იმ კადრებზე წვდომა ჰქონდა. ამიტომ, ხელისუფლება იძულებულია, საკუთარი უკანონობის ტყვეობაში იყოს და დანაშაული დანაშაულზე ჩაიდინოს.
დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი გამოეხმაურება ზაზა სარალძეს და გვერდში დაუდგება. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და უბრალოდ რაღაც საზოგადოებრივად რეზონანსული საქმე. ეს მორალური და ზნეობრივი საკითხია. ბავშვი, მოზარდი მოუკლეს მამას და ეს მამა ამბობს, მითვალთვალებენ, ხალხო, გვერდში დამიდექითო. ამაზე უზნეო საქმე „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უზნეობა აქვს ჩადენილი, აქამდე არ გაუკეთებია“, - აცხადებს მელია.
ცნობისთვის, 2017 პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.