О Грузия - нам слезы вытирая, ты - русской музы колыбель вторая. О Грузии забыв неосторожно, в России быть поэтом невозможно... წერდა გამოჩენილი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო...
ცნობილი პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი ევგენი ევტუშენკო 16 წლიანი შესვენების შემდეგ აფხაზეთში დასასვენებლად ჩავიდა. "აფხაზეთისადმი განსაკუთრებული სიმპატია გამაჩნია და აქ კიდევ ჩამოვალ აუცილებლად", _ განაცხადა ევტუშენკომ სოხუმში.
"10 აგვისტოს ევგენი ევტუშენკო აფხაზეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა და დიმიტრი გულიას სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიც დაათვალიერა", _ იუწყება აფხაზეთის ტელევიზია.
მათივე ინფორმაციით, პოეტმა ბიბლიოთეკას თავისი წიგნები უსახსოვრა. პოეტმა გაიხსენა თუ როგორ გაატარა თაფლობის თვე აფხაზეთში თავის პირველ მეუღლესთან ბელა ახმადულინასთან ერთად.
მისივე თქმით, მას აქვს იდეა გამოსცეს წიგნი, რომელშიც შევა ლექსები აფხაზეთზე და ის ლექსები, რომლებიც მან აფხაზეთში დაწერა. მისივე განცხადებით, მრავალი ცნობილი მისი ნაწარმოები სწორედ აფხაზეთია დაწერილი.
"იმისათვის, რომ აფხაზი პოეტების ახალი თაობა აღიზარდოს, აუცილებელია შეინახოთ ხსოვნა აფხაზური ინტელიგენციის საუკეთესო ტრადიციებისა", _ განაცხადა ევტუშენკომ და დასძინა, რომ კიდევ არაერთგზის ესტუმრება აფხაზეთს, რომლის მიმართაც მას განსაკუთრებული სიმპატიები გააჩნია.
საინტერესოა, რომ თავისი 70 წლის იუბილე ევგენი ევტუშენკომ, რომელიც ქართველებს _ სტუმართმოყვარეობაში მსოფლიო ჩემპიონს უწოდებს - თბილისში აღნიშნა (ამჟამად იგი 78 წლისაა). მისი იუბილე მაიაკოვსკის 110 წლის იუბილეს დაემთხვა, ამიტომაც თბილისში ჩამოსული იგი პირველად ბაღდადისკენ გაემართა.
"ევტუშენკო - ერთადერთი პოეტია, რომელმაც თავისი იუბილის გადახდა მისთვის ასე საყვარელ და მისი მხრიდან ხოტბის შესხმის ობიექტად ქცეულ საქართველოში მოისურვა", _ წერდა მაშინ რუსული პრესა. მასვე ეკუთვნის სიტყვები - "რუსად რომ არ დავბადებულიყავი, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი".
"ყოველთვის შემიძლია ეს სიტყვები გავიმეორო. ჩემმა მეგობრებმა დაითვალეს, რომ მე თბილისში 100-ზე მეტჯერ ვარ ნამყოფი. ასეთი დამოკიდებულება მე მსოფლიოში არც ერთ ქალაქთან არ მაქვს. მიყვარს ქართველი ხალხის კულტურა, მრავალხმიანობა, სახალხო ფოლკლორი, უდიდესი მსახიობები ნატო ვაჩნაძე და სოფიკო ჭიაურელი, რუსთაველის პოეზია და ოთარ ჭილაძე, ქართველი ათოსი ჭაბუა ამირეჯიბი, მარადისობიდან მომღიმარი ნოდარ დუმბაძე, ფიროსმანის, გუდიაშვილის, კაკაბაძის მხატვრობა, ყანჩელის მუსიკა, ჭაბუკიანი ფრენა, რობერტ სტურუას თეატრი, ფასდაუდებელი მამარდაშვილის თავი, თენგიზ აბულაძის კინო და პაიჭაძის, ჯეჯელავას, მესხის, ყიფიანის ფეხბურთი. მიყვარს ხაში, კუჭმაჭი, ფხალი, ჯონჯოლი, რომელსაც მუდმივად მინაწილებდა ბულატ ოკუჯავა", _ აცხადებდა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ ევგენი ევტუშენკო ერთ-ერთ ინტერვიუში სადაც საუბარი 1992 წელს მომხდარ ქართულ -აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო.
"ჩემი საუკეთესო მეგობარი ჯუმბერ ბეთაშვილი ვერაგულად მოკლეს უაზრო და სისხლისნი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ძეგლის დადგმა ეკუთვნის თბილისშიც და სოხუმშიც იმისათვის, რომ მან ამ ორმხრივი გონებისა და სინდისის დაბნელების პერიოდში მრავალი აფხაზი და ქართველი გადაარჩინა სიკვდილს", _ აცხადებდა ევტუშენკო.
აქვე ავღნიშნავთ: ჯუმბერ ბეთაშვილი, რომელზეც ზემოთხსენებულ ინტერვიუში საუბრობს რუსი პოეტი 1992-1993 წწ. აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად ქალაქ სოხუმში დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობის ნუსხაშია, რომელშიც ვკითხულობთ: Bბეთაშვილი ჯუმბერი, 55 წლის, ქ. სოხუმი კლუხორის ქ. 60. ბინა 29 - აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო მდივანი - დახვრეტილია 27.09.93 სოხუმის გარეუბანში აფხაზი სეპარატისტების მიერ.
ცნობა უახლესი ისტორიიდან: "ჟიული შარტავა აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს, მას შემდეგ რაც 1993 წლის სექტემბერში ქალაქ სოხუმში რუსული ჯარი, რუსებისგან შემდგარი რაზმები, კაზაკები, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები და ბოევიკები შევიდნენ. შარტავასთან ერთად დახვრიტეს მთავრობის წევრები და ქალაქის გამოჩენილი მოღვაწეები - რაულ ეშბა, ქალაქის მერი გურამ გაბესკირია, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბეთაშვილი, მიშა კოკაია, სუმბატ სააკიანი, საშა ბერულავა, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია .....".
ასევე საინტერესოა, რომ ისრაელში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დროს ევგენი ევტუშენკო, სადაც მას კითხვა კვლავ აფხაზეთზე დაუსვეს ასე პასუხობს: "მე ხშირად მახსენდება ჩემი დამწვარი სახლი გულრიფშში - ეს იარა არ ხორცდება. ახლახანს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც დევნილებით გადატენილი სასტუმროები ვნახე. ყოველივე ამის ყურება ძალიან ძნელია. საქართველოში ჩასულმა ჩემი მეგობარი ჯუმბერ ბეთაშვილი მოვიგონე, რომლის საფლავიც კი არ ვიცი სად არის"...
აფხაზური მედია არ ავრცლებს ინფორმაციას, ევტუშენკოს მიერ სოხუმში ამჟამიდელი ვიზიტის დროს ჯუმბერ ბეთაშვილის მოგონების, ან მასთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების შესახებ. დავიჯეროთ, რომ მეგობრობა კონიუქტურას ექვემდებარება? ქართული საზოგადოება ევტუშენკოსგან ამას ნაჩვევი არ არის...