საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 18 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო რუმსში რატი და კახი ერაძეების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე, სახელწოდებით - „მაისის თბილი სიო“, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საავტორო დიზაინის ინტერიერ-ექსტერიერის ავეჯი, ნივთები, ობიექტები, ქანდაკებები და ინსტალაციები. ექსპოზიციას დაეთმობა თბილისში, ვერის უბანში მდებარე ორი სივრცე: ინტერიერი - 18-20 მაისს სასტუმრო რუმსის საგამოფენო დარბაზი და ექსტერიერი - 18-24 მაისს ღვინის ქარხანა 1-ის ღია სივრცეში მდებარე კაფე თბილი სიოს ბაღი.
რატი ერაძე 20 წელზე მეტია მუშაობს ავეჯის, ინტერიერ-ექსტერიერის ნივთების და აქსესუარების დიზაინის შექმნაზე. მისი ნამუშევრები ძირითადად ხელნაკეთია, ავტორის მიერვე არის დამზადებული და გამოირჩევა მასალის მრავალფეროვნებით.არსებული დეტალებისგან შექმნილი კოლაჟები რატი ერაძის დიზაინში, უჩვეულო, საინტერესო და ფუნქციონალური ხდება ინტერიერსა თუ ექსტერიერში.