საქართველოში ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. მისივე თქმით, ამაზე სახელმწიფოს პასუხია – არა
„როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა ბატონებო – კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია, ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები, ვერ იქნება კანონიერი მოხმარება“, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, მისი თქმით, 2013 წლიდან აქვს მიდგომა, რომ მომხმარებლებზე ციხე არ უნდა იყოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მან აქვე აღნიშნა რომ ისინი მხედველობაში უნდა იყოს მიღებული.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი მივიღოთ მხედველობაში, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან. უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, სჭირდება დაცვა. იმ სამუშაო ჯგუფში თუ ვიქნებით წარმოდგენილინი, ამ პოზიციას აუცილებლად დავიცავ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.