„ძალიან კარგი მოწოდებაა. მეც ვუერთდები და მოვუწოდებ ყველას რომ ჩავერთოთ კამპანიაში, რომ ნარკოდამოკიდებულება კლავს“ - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრეზიდენტის დღევანდელ მოწოდებას, სადაც მარგველაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ხელოვანები უნდა ჩაერთონ ანტინარკოტიკულ კამპანიაში.
როგორც აკაკი ზოიძე აღნიშნავს, ეს არის სწორი მიდგომა, რათა საზოგადოების ცნობიერება იქნას ამაღლებული.
„თუ ნარკოტიკის მომხმარებელი არ იქნება, არ იქნება მიმწოდებელიც. ამის გარეშე ამ პრობლემას არ ეშველება. ამიტომ პრეზიდენტის მოწოდებას სრულიად ვიზიარებ“ - აცხადებს ზოიძე. თუმცა დასძენს, რომ ის პრეზიდენტს არ ეთანხმება ძალოვანი უწყებების კრიტიკაში.
მისი თქმით პოლიცია არ იმსახურებს საყვედურს განსაკუთრებით ბოლო დღეების გათვალისწინებით და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თუკი სპეცოპერაციამ ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაარჩინა ეს იმას ნიშნავს, რომ „ყველა პრობლემას და ხარვეზს გადაწონის“
„სპეცოპერაციის ერთ-ერთი ამოცანა იყო ძალიან ნათლად გაგზავნილიყო მესიჯი ნებისმიერი ადამიანისათვის ამ საზოგადოებაში, რომ არავითარი ხელშეუხებელი ადგილი და ადამიანები არ არსებობენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა იქნება დაუნდობელი“ - აცხადებს ზოიძე.