თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში შესასვლელად ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, პოლიციელს მისი შეჩერების უფლება ექნება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პოლიციელები იგივე უფლებით აღიჭურვონ, რომელიც შენგენის ზონაში მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ.
„თუ მოქალაქეს ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, რომელიც გამგზავრების მომენტიდან მინიმუმ სამი თვე ქმედითი არ არის, ასევე წამსვლელი მოქალაქე ვერ ასაბუთებს, სად მიდის და უკან როდის ბრუნდება, ამ შემთხვევაში, პოლიციელი აღიჭურვება შეჩერების უფლებით, რაც ევროკავშირში მესაზღვრე-პოლიციელსაც აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ გრძელდება მსჯელობა საკითხზე, რა დოკუმენტებით და როგორ უნდა დაადასტუროს საზღვარზე საქართველოს მოქალაქემ, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება.
„ჯერ კიდევ ვმსჯელობთ კრიტერიუმებზე, როგორ უნდა დაასაბუთოს საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში დაბრუნდება. კომიტეტზე შემოთავაზება იყო სამგზავრო ბილეთთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაბრუნების დასადასტურებლად ბილეთი, შესაძლოა, ერთადერთი აუცილებელი დოკუმენტი არ იყოს. რა დოკუმენტები შეიძლება დაემატოს აუცილებლად წარსადგენი საბუთების ჩამონათვალს, ამაზე მსჯელობას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.