ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუამ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ხუბიას განმარტებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა და აუცილებლად მიაჩნია განმარტებები გააკეთოს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც მის წინააღმდეგ პრესაში ვრცელდებოდა.
გიორგი ხუბუას განცხადებით, იყო ინფორმაციები, თითქოს უნივერსიტეტის რექტორი წიგნებს იპარავს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩართულები არიან უნიკალური წიგნების ბიზნესში.
ხუბუამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და განაცხადა რომ მან თავად მიმართა სამართალდამცავებს წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით.
ხუბუას განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფორმაცია, უნივერსიტეტისა და მისი ხელმძღვანელობის პრესტიჟის საკითხს ჩრდილს აყენებს. ასევე, ზიანს აყენებს იმ საქმეებს, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებისთვის არის მიმართული.. მისი თქმით, ფონდ "ქართუს" დაგეგმილი აქვს ერთ მილიონ დოლარად ღირებული წიგნების ყიდვა უნივერსიტეტისათვის, ასეთი ბრალდებები კი უნივერსიტეტისთვის კარგის მომტანი არ არის.
დღესვე ხუბუამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ისეთი ავტონომიური, როგორიც ბოლო პერიოდშია, არასდროს ყოფილა და ამისათვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია მუშაობს და ამ პროცესში გამოვლენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეუჩერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს თამარ ნემსიწვერიძეს. ხუბუას განცხადებით, არა თუ ნემსიწვერიძეს, უნივერსიტეტში არავინ არავის არ მფარველობს. მისი თქმით, კრიტიკულები და მომთხოვნები არიან ყველა თანამშრომლის მიმართ. ხუბუამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სათანადო კადრი კონკურსის გზით ვერ შეარჩიეს, რის გამოც, თამარ ნემსიწვერიძეს მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია დაეკისრა.
ხუბუამ დღესვე ასევე უპასუხა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს უნივერსიტეტის ტენდერში გაამარჯვებინა იმ კომპანიას, რომელმაც სამშენებლო მასალები მშენებარე სახლისათვის აჩუქა. მან ამ ბრალდებას "აბსურდული" უწოდა და განაცხადა, რომ აგარაკი სოფელ ნავზარაანთკარში და არა წყნეთში ან სადმე სხვაგან რვა წლის წინ შეიძინა და აბსურდია, თითქოს სამშენებლო მასალების ჩუქების გამო გაიმარჯვა უნივერსიტეტის ტენდერში კომპანია "GIთ". მისი განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორს ტენდერთან არანაირი კონტაქტი და არანაირი შეხება არა აქვს, სხვა ფუნქციები აქვს დაკისრებული.
დღესვე უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვედრას სთხოვენ, რათა უნივერსიტეტში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.