ლიბერალური ნარკოპოლიტიკა გულისხმობს არა ნარკოტიკების გამსაღებლების, არამედ მომხმარებლების მიმართ ლიბერალურ მიდგომას, რაც გამოიხატება პრევენციულ და სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებაში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს მსგავსი ტიპის მომაკვდინებელი ნარკოტიკების შემოსვლას.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ემხრობა ნარკოპილიტიკის რეფორმას, რომელიც მიმართული იქნება პრევენციასა და ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციაზე.
„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ლიბერალური მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ, რაც გამოიხატება პრევენციული ღონისძიებების გატარებაში, ასევე სამედიცინო და სხვა ტიპის მომსახურეობის მიწოდებაში. ლიბერალური მიდგომა არ გულისხმობს ლიბერალურ მიდგომას ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. ლიბერალური მიდგომა გულისხმობს რეაბილიტაციას და დახმარებას, რომ მათ არ მოიხმარონ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი და ჰქონდეთ სამედიცინო და სხვა ტიპის მხარდაჭერა, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს მათ ჯანმრთელობას", - განაცხადა ლომჯარიამ.