6 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება მსოფლიოში სახელგანთქმული ჩეხი პიანისტის ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტი. პროექტი ხორციელდება „ელისო ვირსალაძის ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ლუკაშ ვონდრაჩეკი ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის პიანისტთა კონკურსის 2016 წლის გრან-პრის მფლობელია. მას ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად მიიჩნევენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი მართავს კონცერტებს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან პაავო იარვი, ჯანანდრეა ნოსედა, მარინ ოლსოპი, კრისტოფ ეშენბახი, პიეტრი ინკინენი, ვასილი პეტრენკო, იაკუბ ჰრუშა, ანუ ტალი, ქსიან ჟანგი, კშიშტოფ ურბანსკი, სტაფან დენევი და ალექსანდრე ლაზარევი.
ლუკაშ ვონდრაჩეკის საკონცერტო გრაფიკი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტს და ქალაქს მოიცავს. ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლის, ლონდონის უიგმორ ჰოლის, ამსტერდამის კონსერტხებაუს, ვენის კონცერტჰაუზის, ციურიხის ტონჰალეს მსმენელი ფეხზე ამდგარი უკრავდა მას ტაშს. საქართველოში ლუკაშ ვონდრაჩეკმა პირველად 2017 წლის შემოდგომაზე დაუკრა, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში, ახლა კი თბილისელი მსმენელის წინაშე წარდგება.
6 მაისს თბილისში ლუკაშ ვონდრაჩეკი შეასრულებს შემდეგ ნაწარმოებებს: იოჰანეს ბრამსი - სონატა №3 ფა მინორი, თხზ. 5; ბედრჟიხ სმეტანა - ოთხი ჩეხური ცეკვა; რობერტ შუმანი - კარნავალი, თხზ. 9.
ბილეთები იყიდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ონლაინhttps://bit.ly/2H9Ouxb
პროექტის პარტნიორები: სარეკლამო კომპანია "ალმა", სასტუმრო „მუზეუმი", რესტორნები „შავი ლომი" და „ბარბარესთან", საინფორმაციო სააგენტო GHN, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო პირველი არხი და რადიო „ფორტუნა".