ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება კვლავ ვერ ხერხდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაპაუნა ხაჩიძემ განუცხადა, ხანძრის ჩაქრობას ისიც ართულებს, რომ ცეცხლი ნაძვნარს უკიდია, რომელიც უკვე გადაბერებულია.
მისვე თქმით, ადგილზე რეკორდული რაოდენობის სამაშველო ძალები და ტექნიკა მობილიზებული, ასევე ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ავიაციაც.
"აწყურში 1000 მაშველი ცდილობს ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ამ დრომდე მისი ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ხანძრის კერების მოსახლეობისგან 5-7 კილომეტრის მოშორებით არის გაჩენილი, მაგრამ ადგილობრივებს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრებათ", - განაცხადა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ჰექტარზეა ხანძარი გაჩენილი, რადგან მაშველები შესვლას ტყეში ჯერ ვერ ახერხებენ.
ამ დროისთვის აწყურში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე იმყოფება, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი აწყურის ტყეში 4 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.