თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოკუმენტაციას განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს. ამოღებულია მასალა, რომელიც სასწავლებელში ჩატარებულ შესყიდვებს ეხება.
როგორც აუდიტის წარმომადგენლები აცხადებენ, აუდიტი 2008 წელს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების შესახებ მიღებული დასკვნის საფუძველზე ტარდება.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, მზადაა ყველა სახის დოკუმენტაცია გადასცეს.
წინასწარი ინფორმაციით, თსუ-ში აუდიტის წარმომადგენლები მართვის ორგანოების მიერ უფლება-მოვალეობის განხორციელების, სახელმწიფოს შესყიდვებისა და უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გასხვისების კანონიერებას სწავლობენ.
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი თსუ-ში მუშაობა, სავარაუდოდ, 27 აგვისტოს დასრულდება.