საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე რამდენიმე უწყების თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა.
პრეზიდენტმა ჯილდო მეთორმეტეკლასელ მიხეილ გოგალაძესაც გადასცა, რომელიც მეხანძრეებსა და მაშველებს ცეცხლის ჩაქრობაში აქტიურად ეხმარებოდა.
ამასთან, ღირსების ორდენები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ცალკეული შერეული საავიაციო ესკადრილიის წარმომადგენლებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ტბის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წევრებს გადაეცათ.