მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, კვირის ბოლოს გააკეთოს თუ არის შესაძლებლობა ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, ძალიან კარგი იქნება, რომ ის ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს.
„მინდა შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე, მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევიასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, კვირის ბოლოს გააკეთოს თუ არის შესაძლებლობა ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ის ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.