ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარის საბოლოო ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, დღეს მოხერხდება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.
"ახლა კერები აღარ გვაქვს. ძირითადად ახლა პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის ქვეითი ბრიგადა უკვე გასულია, ხოლო ავიაცია მოგვიანებით ჩაერთვება, რომელსაც ძირითადად პრევენციული ხასიათი ექნება. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაო ქვეით ბრიგადას აქვს, რომ ხელით მოხდეს დარჩენილი კერების ლიკვიდაცია", - განაცხადა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, თუ ამინდი მეხანძრეებს ხელს შეუწყობს და ქარი არ ამოვარდება, მაშინ ხეობაში ხანძრის კერების საბოლოო ლიკვიდაცია დღეს დასრულდება.
როგორც ცნობილია, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მეხანძრეებთან ერთად, შიდა ქართლის და იმერეთის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ეხმარებიან.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 15 ჰექტარამდე ფართობი. დაიწვა იშვიათი ჯიშის ხეებიც.
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვერტმფრენები და სახანძრო მანქანები. სულ კერების ლიკვიდირებას 150-ზე მეტი მეხანძრე და ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს.