რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც მოხდა, არის მკვლელობა.
„რა თქმა უნდა, რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად - ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, არის მკვლელობა, ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი.
„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადამიანები, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, არიან ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გაერთიანების მტრები. ამიტომ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას. ვთხოვ, ქეთევან ციხელაშვილს, დიდი ხნით არ გადავდოთ იმ ნაბიჯების პაკეტის განხილვა, რომელიც მას მომზადებული აქვს. მოვუწოდებ პარლამენტს, დავსხდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინცინდენტამდე ვახორციელებდით. მეორეს მხრივ, ჩვენი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.