წელს პირველად, თბილისის, რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე ჩატარდება. ფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება და ტრადიციულად, ჯაზის მოყვარულებს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს შესთავაზებს; მათ შორის არიან - “Miles Electric Band” - სპეციალური სტუმარი რავი კოლტრეინი, ამერიკული ჯაზ-ტრიო “Bad Plus” და აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი ”Naturally 7“.
წლევანდელი თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უკვე ტრადიციულად, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, წელს, ჯაზის საერთაშორისო დღე - 30 აპრილი პირველად აღინიშნება.
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის - ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოს - ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა და მას შემდეგ ყოველ 30 აპრილს, 200-ზე მეტ ქვეყანაში მასშტაბური კონცერტებით, კონფერენციებითა და სხვადასხვა პერფორმანსით აღინიშნება.
თბილისის რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ბილეთები 26 მარტიდან ონლაინ TKT.ge-ზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება.