გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, რომელიც რამდენიმე საათია ბორჯომის ხეობიდან დაბრუნდა, არ გამორიცხავს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი დაუდევრობას გამოეწვია. ამის შესახებ ხაჩიძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გოგა ხაჩიძემ მოსახლეობას მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სიგარეტის ნამწვს და უყურადღებოდ დატოვებულ კოცონს შეუძლია ქვეყანას მილიონობით ლარის ზარალი მიაყენოს.
"ასეულობით ადამიანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ხანძრის ჩაქრობას", - განაცხადა ხაჩიძემ და მოსახლეობას მეტი გულისხმიერების გამოჩენისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ხანძარმა საერთო ჯამში ტყის მასივის დაახლოებით 15 ჰექტარი მოიცვა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ დაითვლიან.
"დიდი კერები საბოლოოდ ლოკალიზებულია, რჩება მხოლოდ მცირე კერები, რომელთა საბოლოო ლიკვიდაცია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მოხდება. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვეტმფრენიც. ხანძრის კერები დასახლებულ პუნქტებთან გაცილებით შორსაა, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი 4 დღის წინ გაჩნდა. რამდენიმე ასეული მეხანძრე ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობს.