"ლეიბორისტები" და პედაგოგები განათლების სამინისტროს სთხოვენ 44-ე სკოლა არ გააუქმოს. შესაბამისი საპროტესტო აქცია დღეს, სკოლის ეზოში გაიმართა, რომელსაც მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძეც ესწრებოდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 44-ე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს 49-ე საჯარო სკოლაში უპირებენ გადაყვანას, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან 49-ე საჯარო სკოლა პატარაა და არ შეესაბამება სტანდარტებს.
"44-ე სკოლა დიდია, სკოლის სტანდარტებს შეესაბამება და 49-ე საჯარო სკოლაზე მეტი პედაგოგი და მოსწავლე ჰყავს", - აცხადებენ 44-ე სკოლის პედაგოგები.
პაატა ჯიბლაძემ თბილისის მერს, გიგი უგულავას მოუწოდა აღნიშნული საქმით დაინტერესდეს და 44-ე სკოლა გადაარჩინოს, რადგან ჯიბლაძის განცხადებით, უგულავა თავის დროზე სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა. ჯიბლაძის თქმით, იმ შემთხვევაში მათი მოთხოვნა გათვალისწინებული არ იქნება საპროტესტო აქციები გაგრძელდება.