დღეს, 2 აგვისტოს დედოფლისწყაროში ელიაობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ელია ეზბეთელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა ნიკოლოზმა აღავლინა.
ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, ტრადიციის მიხედვით, ღამე ელიას მთაზე გაათია.
ელიაობის აღნიშვნა უძველესი ტრადიციაა, რომელიც დროთა განმავლობაში სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და რელიგიური დატვირთვაც მიიღო.
ელია ეზბეთელის ტაძარი, რომელიც ელიას მთაზე დგას, VI საუკუნით თარიღდება. ეკლესიის რესტავრაცია სამი წლის წინ განხორციელდა.
ელიაობის დღესასწაული აღსანიშნავად, გუშინ დედოფლისწყაროში, ღია ცის ქვეშ, მოდების ჩვენება გაიმართა. დღეს ელიას მთაზე სახალხო სეირნობა მოეწყობა.