ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება კვლავ ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო - სახანძრო სამუშაოები დღეს დილის 06:00 საათიდან განახლდა.
გუშინ ამოვარდნილმა ქარმა ხეობაში ცეცხლის რამდენიმე ახალი კერა წარმოშვა და მეხანძრეები ახლა მათ ლიკვიდირებას ცდილობენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკის სახანძრო - სამაშველო სამსახურში განუცხადეს.
ხანძრის ლიკვიდაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მეხანძრეებთან ერთად, შიდა ქართლის და იმერეთის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ეხმარებიან.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 ჰექტარზე მეტი ფართობი. იწვის იშვიათი ჯიშის ხეებიც.
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვეტმფრენები და სახანძრო მანქანები. სულ კერების ლოკალიზებაში 150-ზე მეტი მეხანძრე და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.