საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სააქციო საზოგადოება `ქართულ ფილმსა~ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც კინომემკვიდრეობის დოკუმენტების დაცვას შეეხება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, `ქართული ფილმის~ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ არქივს შესანახად გადაეცემა `ქართული ფილმის~ საცავებში არსებული 4 ათასამდე დოკუმენტი, მათ შორის: 1000-მდე ფილმის 3000-ზე მეტი ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარი, სამონტაჟო ფურცლები; რეჟისორების, მსახიობების, სცენარისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრების 1000-მდე პირადი საქმე.
თანამშრომლობის მემორანდუმის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს კინოფირების, გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოების, ესკიზების, აფიშებისა და კინოწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალის შესანახად გადაცემას ეროვნული არქივისათვის. დოკუმენტების მესაკუთრედ უცვლელად დარჩება `ქართული ფილმი~.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით, `სხვადასხვა საცავში გაბნეული კინომასალის თავმოყრა ეროვნულ არქივში, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დოკუმენტების უკეთ დაცვას, მეორე მხრივ კი მკვლევარებს გაუიოლებს მათთვის საინტერესო მასალის მოძიებას~.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ეროვნულ არქივში აქამდე დაცულ მასალებს, რომელიც დოკუმენტურ ფილმებს შეეხებოდა, დაემატება მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებთან დაკავშირებული მასალა. `ახალგადაცემული დოკუმენტები დამუშავდება, დამზადდება ანაწერები და კატალოგები და `ქართული ფილმის~ წერილობითი თანხმობის შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მისი გაცნობის საშუალება~, - განაცხადა თეონა იაშვილმა.