25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია, მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა. მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში. შეხვედრაზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მხარემ განახორციელა მცხეთის მონუმენტების დაცვისა და მართვის საქმეში გასული 1 წლის განმავლობაში. მოხდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შეჯერება, რომელიც უახლოეს წლების მანძილზე უნდა განხორციელდეს საქართველოსა და იუნესკოს ექსპერტთა ერთობლივი თანამშრომლობის მეშვეობით.
კომიტეტზე მოხდა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხის განხილვაც. აღინიშნა გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის საქმეში საგრძნობი პროგრესი და ხარისხიანად ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობა, დაიგეგმა ის სამოქმედო გეგმაც, რომელიც უნდა განახორციელოს ქართულმა მხარემ გელათის სამონასტრო კომპლექსის მართვისა და განვითარების მიმართულებით უახლოესი წლების განმავლობაში.
მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის შეფასებით, იმის გამო, რომ ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე-4 კრიტერიუმით (სახელდებულია, როგორც "შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში"), ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს "საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში". ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ.
ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით.