დღეს, 29 ივლისს, 17:00 საათზე „ფონდ ღია საზოგადოება საქართველო"-ს ოფისში „სტუდია მონიტორი"-ს მორიგი ჟურნალისტური გამოძიების „პრეზიდენტის „სიმბოლური" საჩუქრები"-ს პრეზენტაცია გაიმართება.
ჟურნალისტური გამოძიება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფო ქონებების განაწილებას ეხება. „სტუდია მონიტორი"-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით, პრეზიდენტმა ბოლო 3 წლის განმავლობაში პირდაპირი განკარგვის წესით რამდენიმე ათეული უძრავი ქონება განკარგა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს.
პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ან მიზერულ ფასად განკარგავს. მაგალითად მთაწმინდაზე მდებარე კომერციული ფართი, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ალანია"-ს სიმბოლურ ფასად 1 აშშ. დოლარად გადასცა. პრეზიდენტმა პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი სახლები გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც. იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას ბადებს.
ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე მოთხრობილია ტელეკომპანია „რეალტივი"-ს ოფისის შესახებ. რეალტივი გორგასლის ქუჩაზე 3 სართულიან სახლშია განთავსებული. „სტუდია მონიტორი"-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ეს სახლი რეალტივის არ ეკუთვნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა.
როგორ აღმოჩნდა ეს სახლი რეალტივის განკარგულებაში და რა ნიშნით ასაჩუქრებს პრეზიდენტი სახელმწიფო ქონებით სხვა და სხვა სუბიექტებს, ნახეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებაში.