ხვალ, 29 ივლისს 14:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფისში (მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ.#3ა, მე-2 სადარბაზო, მე-4 სართული.) პუბლიცისტი, ირაკლი კაკაბაძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას. თემაზე: რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის აქტიური გამოვლინებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებსა და ხელისუფლების პოლიტიკაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს მილიტარისტულ კამპანიას, რომელიც დროდადრო სხვადასხვა გაუგებარი ინიციატივებით ვლინდება.
"ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა 21 ივლისს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით, პარტიზანულად მიღებული ცვლილებები კანონში „სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ" - ნათქვამია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ამ ცვლილებებით პარლამენტმა, ფაქტობრივად, დააკანონა გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული მილიტარისტული მოწოდებები. კერძოდ, ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის დაცვა არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის საქმე: „ცალკე აღებული 12 ათასი კაცი ვერ შეაჩერებს ვერაგ, მონღოლების მემკვიდრე ურდოს, რომელიც ემუქრება საქართველოს საზღვრებს და შემოსულია საქართველოს შიგნით, ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია", - აღნიშნულია ხსენებულ განცხადებაში.
"ადამიანის უფლებათა სახლის" განცხადების მიხედვით, "ამ მილიტარისტული განცხადებების პარალელურად, თავდაცვის სამინისტროს სატელევიზიო არხ „საქართველოზე" სისტემატიურად გადიოდა სარეკლამო რგოლი სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ, სადაც დადებით კონტექსტში, როგორც დიდი ავტორიტეტის ციტატა, გამოყენებული იყო ფაშიზმის მამამთავრის, ადოლფ ჰიტლერის გამონათქვამი: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალურად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით".
"ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენლების აზრით, მილიტარისტული გამონათქვამების პარალელურად ბოლო დროს პრეზიდენტ სააკაშვილის არაკორექტულ განცხადებებში რაზისმის ნიშნებიც შეინიშნება. კერძოდ, 27 ივლისს, მაღალჩინოსან მებაჟეებთან საუბრისას, საბაჟოზე ჩანთების გახსნის მავნე ტრადიციების განხილვის დროს, სააკაშვილმა იკითხა: „ჩვენ ზანგები ვართ თუ რატომ ვიქცევით ველურებივით, ამიხსენით?!
"ხელისუფლებიდან წახალისებული რასიზმი და ქსენოფობია საზოგადოებაშიც ფართოდ იკიდებს ფეხს. მედიაში არც თუ იშვიათად ქვეყნდება აფრიკელების, ჩინელების, ინდოელების შეურაცხმყოფელი და ფობიური გამონათქვამები. უფრო შორს წავიდა „თავისუფლების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარე, ლევან რამიშვილი, რომელიც სხვადასხვა მაღალჩინოსანი პერსონების მეგობარია და მის პოზიციას დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე. მის პირად ინტერნეტ-გვერდზე დღესაც გამოქვეყნებულია და საზოგადოებისთვის ხელმისწავდომია აშშ-ის პრეზინდეტ ბარაქ ობამას შეურაცხმყოფელი კარიკატურები, რომელთაგან ზოგიერთი შეიცავს რასისტული შინაარსის მინიშნებებს", - ნათქვამია განცხადებაში.