ავარიულ სახლებში მცხოვრები 223 ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს. პროექტის - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ფარგლებში ახალ ბინებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები ააშენებენ. ამ ეტაპზე, სპეციალურად შექმნილი კომისია მზად არის 9 კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტი დააფინანსოს. დედაქალაქის ძველ უბნებში მცხოვრები მოსახლეობის ახალ ბინებში შესახლება სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ამის შესახებ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო კომპანიებს მიმართა და მოუწოდა, რომ პროექტს - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" უფრო მეტი ნდობა გამოუცხადონ.
"ეს პროგრამა არ არის გამდიდრების პროგრამა. ეს პროგრამა არის დახმარების პროგრამა. აქ მთავარია, რომ კრიზისის დროს ყველა კომპანიამ, ვინც ნორმალურ წინადდადებას წარმოადგენს, შეძლოს გამოძვრეს, ვალდებულებებ შეასრულოს, კომპანიაც გადარჩეს და იმ ადამიანებმა, რომლებიც კომპანიაში არიან დასაქმებულები, სამსახური არ დაკარგონ", - განაცხადა გიგი უგულავამ.