სოფელი გიორგეთი, სადაც 500-მდე კომლი ცხოვრობს, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი მდინარე კაბალი სოფელს სეზონურად მიტაცებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს.
„სასოფლო - სამეურნეო სავარგულების 80% დატბორილია და ქვიშითა და რიყის ქვით არის სავსე. ადგილობრივები შიშობენ, რომ 2-3 წლის შემდეგ, დასამუშავებელი მიწა და საძოვარი აღარ დარჩებათ. ბევრი ნაკვეთი უვარგისობის გამო მიტოვებულია. ზოგ ადგილას მდინარე კაბალი სოფელს 100 მეტრით უახლოვდება, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ასოციაცია CENN-ის წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა.
„ერთ - ერთ გიორგეთელ ფერმერს სტიქიამ 2009 წელს 7000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი წაართვა. იმის გამო, რომ კაბალის ნაპირებზე დამცავი ნაგებობები მოშლილია ან საერთოდ აღარ არის, მიმდებარე საძოვრები რიყნარებად და ნაგავსაყრელადაა გადაქცეული", - აღნიშნეს ასოციაცია CENN-ში.
გიორგეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მამუკა ხიდაშელის განცხადებით, არსებობს პროექტი, რომელიც შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს უკვე გადაეცა.