მსოფლიო ბანკის ინვესტირების კლიმატის მრჩეველთა ჯგუფმა კერძო იურიდიული კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე მოამზადა 200 გვერდიანი ანგარიში „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010", რომლის მიხედვი საქართველო ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კვლევა მსოფლიოს 87 ქვეყანში ჩატარდა და ბოლო ერთი წლის მონაცემებს ეყრდნობა.
მსოფლიო ბანკის აღნიშნული კვლევის ყველა ინდიკატორით, საქართველო, უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უცხოური კომპანიის მიმართ.
საქართველოში უცხოური ბიზნესის წამოწყებისთვის კომპანიის დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ. საჯარო რეესტრმა ბოლო 8 თვის განმავლობაში შექმნა ბიზნესის რეგისტრაციის ახალი მოდელი, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა სარეგისტრაციო პროცედურები და მომსახურება.
საქართველოში ყველაზე სწრაფად ხდება კომპანიების შექმნა. უცხოურ კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
კომპანიას შეუძლია „ონლაინ" რეჟიმში, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე (www.reestri.gov.ge) შეავსოს განცხადება, ელექტრონულად გადააგზავნოს რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები და მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი. არ არსებობს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიისათვის.
საქართველოში ბიზნესის წამოწყება კომპანიას 1 დღეში შეუძლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში საჭიროებს 33 დღეს, რუსეთში - 31 დღეს, საბერძნეთში - 22 დღეს, ბულგარეთში - 20 დღეს, სომხეთში - 18 დღეს, თურქეთში - 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს მოითხოვს ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე). აღსანიშნავია, რომ 4 დღეზე ნაკლებ დროში, მსოფლიოს არც ერთ გამოკვლეულ ქვეყანაში არაა შესაძლებელი ბიზნესის დაწყება.
მსოფლიო ბანკის კვლევა „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010" აანალიზებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე, კერძოდ, თუ როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.