გამომცემლობა "სამშობლოში" მცხოვრებ დევნილთა ნაწილს სხვადსხვა კომპაქტურ ობიექტებში საცხოვრებელი სახლები აქვთ მიღებული, ნაწილს კი - ფულადი კომპენსაცია, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა გულუამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, გამომცემლობაში მცხოვრები მხოლოდ 15 ოჯახია დარჩენილი, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გამოეყოფათ.
"გამომცემლობა "სამშობლოში" მცხოვრებ დევნილთა ერთ ნაწილს, გააჩნიათ საცხოვრებელი ფართები სხვადასხვა კომპაქტურ ობიექტებში. მეორე ნაწილს მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. დარჩენილია მხოლოდ 15 ოჯახი, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დევნილების გადაყვანა. შენობა უნდა დაიცალოს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეკა გულუამ.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "სამშობლო" საპრივატიზაციოდ მზადდება. ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში უკვე შეტანილია, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი აუქციონი არ ჩატარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, აქუციონის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ შენობაში ხელმეორედ ჩასატარებელია აზომვითი სამუშაოები.
შენობაში მცხოვრები დევნილები გამოსახლებას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ზუგდიდის რაიონში გამოყოფილ საცხოვრებელ ადგილს აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი თანახმანი არიან თბილისი ნებისმერ გარეუბანში დასახლდნენ.