დღეს, 26 ივლისს, ევროპულ სასამართლოში მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებების ეფექტურ დაცვასთან დაკავშირებით ორი ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართება. პრესკონფერენცია "თბილისი მარიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმარტება, სადაც იურისტები ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ განცხადებასაც გააკეთებენ.
საზოგადოებას ახალ ინიციატივას იურისტები ზაქარია ქუცნაშვილი და ევა გოცირიძე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
ქუცნაშვილის განმარტებით, მოქალაქეები ევროსასამართლოში საჩივრებს ხშირად ბრმად გზავნიან და შემდეგ მის განხილვას 4-5 წელი ელოდებიან.
"სტრასბურგის სასამართლო სარჩელს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით იღებს - სწავლობს მათ დაშვებადობას, შემდგომ ხდება განხილვის პროცესი და საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. ჩვენი ინიციატივებით, საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ სარჩელებთან დაკავშირებით ევროსასამართლოსთან მისასვლელ გზას გავუადვილებთ", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ახალი სამართლებრივი ინიციატივების შემუშავებაში განსაკუთრებული წვლილი სამართლის დოქტორ ევა გოცირიძეს მიუძღვის, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტია და საქმიანობს საფრანგეთში, სტრასბურგში.