მუცოს ხეობაში ავტოავარიის დროს პოეტი გელა დაიაურის დაღუპულ მეუღლე და შვილი ბარისახოში, ხოლო ბერდია არაბული და მისი მეუღლე მუცოში დაკრძალეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მუცოს ხეობაში ავტოავარიის დროს დაღუპულებისთვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
როგორც პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს აღნიშნა, ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვი მისი ნათლული იყო.
"გვწამს, რომ უფალი შეიწყნარებს მათ და ისინი განისვენებ სადაც მართალნი არიან. ძალიან ვწუხვარ, რომ გარდაცვლილთა შორის ერთი ჩემი ნათლულია. თვითონ შემთხვევა არის ძალიან მძიმე. მამა დარჩა ცოცხალი და მეუღლე და ორი შვილები დაიღუპნენ. მთელი ოჯახი დაიღუპა. მამას უნდოდა თავის მოკვლა, ღმერთმა დაიფაროს და ძალა მისცეს", - აღნიშნა პატრიარქმა.
მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს, საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის და შატილის თემის საკრებულოს წევრის გელა დაიაურის მეუღლე და შვილები, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და. გელა დაიაურმა და მისმა ცოლის ძმამ 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილმა ავარიის დროს მცირე დაზიანებები მიიღეს. მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე ოჯახის ახლობელი თეონა ჭინჭარაული, რომელიც შედარებით მძიმე იყო, რის გამოც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ჭინჭარაული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ავარიის შედეგად მდინარე არღუნში ჩავარდნილ 2 წლის დემეტრე დაიაურისა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრების პოვნის შანსი თითქმის აღარ არსებობს. მდინარე იმდენად ჩქარია, რომ ბავშვების ცხედრებს ერთ საათში უკვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაიტანდა. ავარიის შემდეგ მდინარის ორივე ნაპირი მაშველებმა სამჯერ შეამოწმეს, თუმცა უშედეგოდ. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ქართულ მხარეს სამაშველო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას რუსი მესაზღვრეები არ მისცეს.